ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა რიცხვი იზრდება
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა რიცხვი იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 3500 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.
წყალდიდობა ვალენსიის, მურსიასა და ანდალუსიას რეგიონებს დაატყდა თავს. შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, გზები და სასოფლო-სამეურნეო მიწები.
გადაუღებელი წვიმის გამო რამდენიმე აეროპორტი დროებით დაკეტეს. შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა. ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. სამაშველო ოპერაციაში ათასობით პოლიციელი, მეხანძრე და სამხედრო მონაწილეობს. მობილიზებულია ვერტმფრენებიც.
დაზარალებული რეგიონები ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა მოინახულა და დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.