ესპანეთში მოსახლეობა გადაჭარბებულ ტურიზმს აპროტესტებს
ესპანეთში მოსახლეობა გადაჭარბებულ ტურიზმს აპროტესტებს

ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქებში, მალაგასა და კადისში მოსახლეობა ქუჩებში გადაჭარბებული ტურიზმის გასაპროტესტებლად გავიდა. მალაგაში, პოლიციის შეფასებით, აქციას 5 500 ადამიანი ესწრებოდა. მათი წუხილის მთავარი მიზეზი ტურისტების დიდი რაოდენობის გამო საცხოვრებელ სახლებზე გაზრდილი ფასებია.

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მათი ქალაქში ცხოვრება არასტაბილურია და ტურისტული მოდელის შეცვლას ითხოვენ ლოზუნგებით: „მალაგა არ იყიდება“, „გვსურს ცხოვრება და არა გადარჩენისთვის სიცოცხლე“. კადისში ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში 3000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენ არ ვართ თქვენი სათამაშოები“ – ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები ადგილობრივ მერიასთან მივიდნენ. ისინი „ტურისტული ძალადობით“ შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად დაუყოვნებლივ ითხოვენ ზომების მიღებას.

მალაგაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია 12 ათასზე მეტი ერთეული უძრავი ქონება, რომლის გაქირავებაც შესაძლებელია ტურისტებზე – ამაზე დიდი მაჩვენებელი მხოლოდ მადრიდსა და ბარსელონაშია. გარდა ამისა, ბევრი ბინა ტურისტებს უკანონოდ ეძლევათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ბინა ტურისტებზე არალეგალურადაა გაქირავებული.