ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვენესუელის არჩევნებში მადუროს რეჟიმსა და ოპოზიციას შორის შესაძლოა, მედიატორი იყოს
ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო 22 აპრილს ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადუროს რეჟიმსა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის შესაძლოა მედიატორი იყოს.
ესპანური გამოცემა El Pais-ის ინფორმაციით, საპატერომ მედიაციის შესახებ წერილი კარაკასში უკვე გაგზავნა.
წარსულში საპატერომ მედიატორობის ფარგლებში ვენესუელის ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის გათავისუფლება მოითხოვა. მისი მოთხოვნა ოფიციალურმა კარაკასმა დააკმაყოფილა და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლეოპოლდო ლოპესი გაათავისუფლა.
22 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნები ვენესუელასთვის ისტორიული შედეგების მომტანი იქნება. ოპოზიციას იმედი აქვს, რომ მადურო დამარცხდება. 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ოპოზიციამ გაიმარჯვა, თუმცა მადურომ რამდენიმე თვეში მათ წინააღმდეგ ზომების მიიღო და კონსტიტუცია შეცვალა, რასაც მასშტაბური აქციები მოჰყვა.
მადუროს რეჟიმს ვაშინგტონი, ევროკავშირი და სამხრეთ ამერიკის კავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ჩავესის მემკვიდრე, ნიკოლას მადურო არალეგიტიმური მმართველია, რადგან კოლუმბიაში დაიბადა. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ვენესუელაში უნდა იყოს დაბადებული.