ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუიჩდემონის შეთავაზებას არ იღებს. ესპანეთის პრემიერის თქმით, დიალოგისთვის მზად არის, თუმცა პუიჩდემონთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
პუიჩდემონი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვედრას სთავაზობს. მისი თქმით, შეხვერა წინაპირობების გარეშე ევროპის რომელიმე ქვეყნის დედაქალაქში უნდა შედგეს და ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყოს. კატალონიის ყოფილმა ლიდერმა დღეს ევროკომისიის პრეზიდენტსაც მიმართა.
„მე არ ვთხოვ კომისიას პოზიციის შეცვლას, მე ვთხოვ მოსმენას და ვფიქრობ, ეს შესაძლებელია”, – ამბობს კატალონიის ყოფილი ლიდერი, რომელიც ბელგიაში იმყოფება მას შემდეგ, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის ავტონომია გააუქმა და პარლამენტი დაითხოვა .
კარლეს პუიჩდემონის წინააღმდეგ ესპანეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გუშინ ჩატარებულ არჩევნებში ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფის მომხრე პარტიების ბლოკმა უმრავლესობა მოიპოვა და 135-ადგილიან პარლამენტში 70 ადგილს დაიკავებენ.