ესპანეთის მმართველობის კოორდინაციის ინსტიტუტი - საქართველომ, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, გაატარა წარმატებული რეფორმები, თუმცა ევროკავშირი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს არ ჩქარობს
„ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, საქართველომ მრავალ სფეროში წარმატებული რეფორმები გაატარა, თუმცა ევროკავშირი გაწევრიანების შესახებ მასთან მოლაპარაკებების დაწყებას არ ჩქარობს, – ამის შესახებ ნათქვამია ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევაში.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველომ, „ქართული ოცნების“ პირობებში, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლო რეფორმა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება.
„თუმცა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაჭიანურება გარედან ჩარევის რისკებს ზრდის, რომლებსაც სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაცია და ევროკავშირისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა იმოქმედოს სწრაფად, მხარი დაუჭიროს რა საქართველოს მისწრაფებას ევროპული ფასეულობებისა და რეფორმებისადმი, რათა ეს რისკები შეარბილოს“, – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის თანახმად, საქართველო კორუფციასთან ბრძოლის დარგში გამორჩეულია და, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კორუფციასთან საბრძოლველად უფრო თანმიმდევრული, სისტემური მიდგომა აირჩია. როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველომ აგრეთვე დიდ წარმატებას მიაღწია მიმზიდველი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებისა და ეფექტური ეკონომიკური რეფორმების გატარების საქმეში.
რაც შეეხება სასამართლო სისტემას, კვლევის მიხედვით, საქართველომ, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, საგრძნობი პროგრესი აჩვენა.
„უკრაინა და მოლდოვა ეფექტური სასამართლო რეფორმების გატარების დროს დაბრკოლებებს როცა წააწყდნენ, საქართველომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაზარდა შეძლო. უკრაინაში ომმა სასამართლო სისტემის რეფორმასა და კანონის უზენაესობას პრობლემები შეუქმნა, ხოლო მოლდოვას დღემდე კორუფციის სერიოზული პრობლემები აქვს“, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო უკრაინას და მოლდოვას ასწრებს ფინანსური გამჭვირვალობის მაჩვენებლითაც და ამ მხრივ საქართველო ძალიან კარგ მდგომარეობაშია.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწიეს, მართვის ეფექტური სისტემების დანერგვისას ჯერ კიდევ აქვთ პრობლემები. ამ კონტექსტში საქართველო აღმოჩნდა ლიდერი, რომელმაც 2023 წლის ბიუჯეტის ღიაობის მსოფლიო ინდექსში პირველი ადგილი დაიკავა“, – აღნიშნულია კვლევაში.
როგორც ესპანეთის მმართველობის კოორდინაციის ინსტიტუტი აღნიშნავს, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების პროცესი მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონში რუსეთის გავლენის ფონზე.
ამასთან, კვლევის თანახმად, კანდიდატი ქვეყნების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველომ რიგ საკვანძო სფეროებში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია. კვლევის მიხედვით, პირველ რიგში, ეს ეხება რეფორმების პროცესს, რომელიც ქვეყანას ევროპულ სტანდარტებსა და ფასეულობებთან აახლოებს.
„კერძოდ, საქართველოს მთავრობამ კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და კანონის უზენაესობის მიმართ მტკიცე ერთგულება აჩვენა. ეს ინიციატივები აღიარებული და კარგადაა შეფასებული საერთაშორისო დონეზე, ვენეციის კომისიის ჩათვლით და ისეთი რეიტინგების მეშვეობით, როგორებიცაა კორუფციის აღქმისა და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსები. იმ დროს, როცა საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესის ჩვენება შეძლო, უკრაინა და მოლდოვაც აგრძელებენ მუშაობას საკუთარ რეფორმებზე. მათ წინ მრავალი პრობლემა ხვდებათ. საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გაჭიანურებამ ამ პროცესს, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას და კარი გაუღოს გარე ჩარევას, რომელიც კავკასიის დესტაბილიზაციას გამოიწვევს და ევროპულ უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა საქართველოს ერთგულება, მიღწევები აღიაროს და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს გააძლიერებს, არამედ მთელ რეგიონს დემოკრატიული ღირებულებებისა და რეფორმების მხარდამჭერ ნათელ სიგნალს გაუგზავნის“, – აღნიშნულია კვლევაში.