„ესოშიეთიდ პრესი“ - საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს გადამწყვეტ საარჩევნო რბოლაში, რომელმაც შესაძლოა, ევროპაში ქვეყნის როლი გადაწყვიტოს
„ესოშიეთიდ პრესი“ - საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს გადამწყვეტ საარჩევნო რბოლაში, რომელმაც შესაძლოა, ევროპაში ქვეყნის როლი გადაწყვიტოს

საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს გადამწყვეტ საარჩევნო რბოლაში, რომელმაც შესაძლოა, ევროპაში ქვეყნის როლი გადაწყვიტოს, – ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეთიდ პრესი” წერს.

„საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს შაბათს გამართული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, გადამწყვეტი კენჭისყრის შემდეგ, რომელმაც, შესაძლოა, განსაზღვროს, ქვეყანა დასავლეთისკენ იმოძრავებს თუ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდება. ბევრი ქართველისთვის ეს კენჭისყრა იყო გადამწყვეტი რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაზე. პირველადი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე მაღალი იყო 2012 წლის შემდეგ, როდესაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პირველად აირჩიეს“, – წერს მედიასაშუალება.

„ესოშიეთიდ პრესი” აღნიშნავს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების უმრავლესობის დათვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ 52.99% მოიპოვა, ჯერ არ დათვლილა ყველა საარჩევნო ბიულეტენი და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიერ მიცემული ხმები და გაურკვეველია, როდის გამოცხადდება საბოლოო შედეგი.

როგორც გამოცემა წერს, „ქართული ოცნება“ დაუპირისპირდა ოთხ მთავარ ოპოზიციურ ჯგუფს, რომლებმაც ასევე გამოაცხადეს გამარჯვება, როდესაც კონკურენტული ეგზიტპოლები გამოქვეყნდა საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე.

„„ქართული ოცნების“ გამარჯვება თუ დადასტურდება, პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ექნება, რაც გამოიწვევს შიშს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით. პარტია სულ უფრო ავტორიტარული გახდა და იღებს კანონებს, რომლებიც ჰგავს რუსეთის მიერ სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად გამოყენებულ კანონებს. წელს ერთ-ერთი ასეთი კანონის მიღების შემდეგ ბრიუსელმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“, – ნათქვამია სტატიაში.