„ესოშიეთიდ პრესი“ - რუსეთი ამერიკელების გაწვრთნილი ავღანური სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრების გადაბირებას და უკრაინის ომში მათ ჩართვას ცდილობს
რუსეთი ამერიკელების გაწვრთნილი ავღანური სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრების გადაბირებას და უკრაინის ომში მათ ჩართვას ცდილობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, რუსეთი ელიტური ავღანელი სამხედროების გადაბირებას თვეში 1 500 ევროს ოდენობის ხელფასით ცდილობს და ყოფილ სამხედროებს და მათ ოჯახებს თავშესაფრებს ჰპირდება.
გამოცემა წერს, რომ სამხედროების დიდმა ნაწილმა ავღანეთი მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნიდან აშშ-ის სამხედროები გავიდნენ და ძალაუფლება „თალიბანმა“ აიღო.
სამხედროების უმრავლესობა ირანში იმყოფება და ავღანეთში დეპორტაცია აშინებს.
გამოცემის თანახმად, გადაბირების პროცესში ჩართულია „ვაგნერის ჯგუფი“ და ავღანეთის სპეცრაზმის ერთ-ერთი ყოფილი მეთაური.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ამჟამად უკრაინაში „ვაგნერის დაჯგუფების“ 1 000 დაქირავებული მებრძოლი იმყოფება.