ეშლი ბარტიმ 1:5-დან მოიგო მეორე სეტი და პირველად მოიგო ავსტრალიის ღიას ტიტული [ვიდეო] #1TVSPORT
ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირს ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველი ავსტრალიელი გამარჯვებული ჰყავს. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ 6:3, 7:6(2) დაამარცხა ამერიკელი დანიელ კოლინზი და კარიერაში „დიდი სლემის“ მესამე ტიტული მოიპოვა.
ეს იყო პირველი შემთხვევა ტურნირზე, როცა ბარტის სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა. წინა ექვს შეხვედრაში ავსტრალიელს არა თუ სეტი არ წაუგია, არც ერთ პარტიაში არც ტაი-ბრეიკამდე და არც 5:5-მდე არ მისულა საქმე. ბარტიმ ერთადერთ სეტში დათმო ოთხი გეიმი, დანარჩენებში კი მაქსიმუმ სამ გეიმს აგებდა. მასპინძელმა ეს ექვსი მატჩი ისე გაიარა, რომ ერთადერთხელ წააგო საკუთარი გეიმი.
ბარტიმ არც ფინალის პირველ სეტში დათმო საკუთარი მოწოდება – ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკპოინტის შანსი მიიღეს და მისი გამოყენება მხოლოდ ავსტრალიელმა მოახერხა.
მეორე სეტში ბარტი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა – ტურნირზე პირველად იყო ახლოს პარტიის წაგებასთან. კოლინზმა ორი ბრეიკით 5:1 დაწინაურება მოახერხა. თითქოს მესამე სეტის თამაში გარდაუვალი იყო, მაგრამ ბარტიმ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც სრული უპირატესობა მოიპოვა და მაინც დაასრულა ტურნირი ისე, რომ სეტი არ წაუგია.
ბარტიმ წინა ორი ტურნირი „დიდ სლემზე“ 2019 წელს როლან გაროსზე და 2021 წელს უიმბლდონზე მოიგო და ის არის მეორე მოქმედი მოთამაშე სერენა უილიამსთან ერთად, ვისაც „დიდი სლემი“ სამივე საფარზე აქვს მოგებილი, სულ კი ასეთი ისტორიაში რვა მოთამაშეა.