როდესაც შხამიან ცხოველებზე ფიქრობთ, ფრინველები ალბათ სულ არ გახსენდებათ. თუმცა, ირკვევა, რომ პაპუა-ახალ გვინეაში გავრცელებული ფრინველის ორი სახეობა ბუმბულებში ტოქსიკურ არსენალს მალავს.
აღმოჩნდა, რომ რეგენტი სტვენია (Pachycephala schlegelii) და Aleadryas rufinucha ძლიერ ნეიროტოქსინს ფლობენ. დიდი ოდენობით ზემოქმედების დროს, ბატრაქოტოქსინი იწვევს კუნთების კრუნჩხვას და თითქმის მყისიერ გულის უკმარისობას. ეს ჭრელი ჩიტები ამ შხამის მეტაბოლიზებულ ვერსიას ბუმბულებში ინახავენ და უსიამოვნო სიურპრიზს უმზადებენ ნებისმიერ მტაცებელს, რომელიც მათ დაგემოვნებას გაბედავს.
მკვლევრებმა ახლახან გაარკვიეს, როგორ ახერხებენ ეს და სხვა, უკვე ცნობილი შხამიანი ფრინველები, რომ ამ დროს თავად არ მოიწამლონ.
ბატრაქოტოქსინის შეჭმა შეიძლება ფატალურად დასრულდეს. როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, მასთან ოდნავი კონტაქტიც კი არასასიამოვნოა.
„ხახვის დაჭრას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში, ნერვული აგენტია“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ევოლუციური ეკოლოგი კასუნ ბოდავატა, რომელსაც ერთ-ერთი სახეობის, Pitohui dichrous-ისგან ბუმბულის ნიმუშების აღებისას ცხვირ-პირიდან გამონადენი დაეწყო.
ნარინჯისფერ-შავი ბუმბულების მქონე ეს საშუალო ზომის ჩიტი პირველი იყო, რომლის შხამიანობაც ჯერ კიდევ 30 წლის წინ დადგინდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი შხამის დონე გეოგრაფიულად იცვლება, ის ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი ფრინველის სახეობაა. მეცნიერთა აზრით, ტოქსინი მტაცებლების ან პარაზიტების შემაკავებელი ფაქტორია, ანდაც ორივესი ერთად.
„ადგილობრივები მის ჭამას ერიდებიან, რადგან როგორც ამბობენ, ხორცი პირს ცხარე წიწაკასავით წვავს. სწორედ ამის წყალობით შეიტყვეს მკვლევრებმა პირველად მის შესახებ. ტოქსინის მოქმედება ერთ-ერთმა მათგანმა ჩიტის დაჭერისას იგრძნო. საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა. ეს ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ შხამი მტაცებელთა შემაკავებელი ფაქტორია“, — განმარტავს დანიის ბუნების ისტორიის მუზეუმის ევოლუციური ეკოლოგი კნუდ ჯონსონი.
დანარჩენი ორი სახეობა, რომელთა შხამიანობაც ახლა დადგინდა, Pitohui dichrous-ის გვერდით ბინადრობენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ჯუნგლებში. აღმოჩნდა, რომ მათ ნაწლავებში იყო ხოჭო Choresine, რომელიც სწორედ ბატრაქოტოქსინებით არის აღჭურვილი. თუმცა, შხამის ზუსტი წყარო ჯერ დადასტურებული არ არის.
„ნამდვილად გაგვიკვირდა, როდესაც ამ ორი ფრინველის შხამიანობის შესახებ შევიტყვეთ, რადგან უკვე ოც წელზე მეტია, ახალი შხამიანი ფრინველი არსად აღმოუჩენიათ. განსაკუთრებით საოცარია იმიტომ, რომ ეს ორი ჩიტი ამ რეგიონში საკმაოდ გავრცელებულია“, — ამბობს ჯონსონი.
სამხრეთამერიკული შხამიანი ბაყაყების კანი ამავე შხამს მაღალი კონცენტრაციით შეიცავს; ცნობილია, რომ ისინი ხოჭო Choresine-ს ჭამენ. ამ ბაყაყებით შთაგონებულმა ბოდავატამ და მისმა კოლეგებმა ამ ფრინველთა გენეტიკის შესწავლა გადაწყვიტეს, რათა დაედგინათ, იყო თუ არა მათ შორის რაიმე მსგავსება ტოქსინებთან შემგუებლობის მხრივ.
ბოდავატას განმარტებით, ნეიროტოქსინი ჩონჩხის კუნთოვან სხეულში ნატრიუმის არხებს ხსნის, რაც იწვევს ძლიერ კრუნჩხვებს და საბოლოოდ სიკვდილს.
როგორც ჯგუფმა დაადგინა, ამ ფრინველებსა და ბაყაყებს მუტაციები აქვთ იმ ცილაში, რომელიც ნატრიუმის ერთ-ერთ არხს წარმოქმნის. მუტაციები მოქცეულია ნატრიუმის დამშიფრავ იმავე გენ SCN4A-ში, მაგრამ სხვა ადგილებში. ეს გახლავთ კონვერგენციული ევოლუციის მაგალითი, რომელშიც ბუნებრივმა გადარჩევამ მსგავს საარსებო პირობებში მცხოვრებ სხვადასხვა სახის ორგანიზმებში მსგავსი მორფოლოგიური ნიშან-თვისებები განავითარა.
ეკოსისტემაში შხამიან ორგანიზმთა გავრცელება ნელი, მაგრამ სასტიკი ევოლუციური ბრძოლაა. მტაცებლებისგან თავის დასაღწევად, მსხვერპლმა სახეობებმა, მაგალითად მწერებმა და ხოჭოებმა შხამი განივითარეს, რამაც მათ იქამდე საშიშ ტერიტორიებში შეღწევის საშუალება მისცა; თუმცა, დროთა განმავლობაში, მტაცებლებმა, მაგალითად, ფრინველებმა, მსხვერპლთა ამ ქიმიური იარაღის დაძლევის მზაკვრული გზები გამოიმუშავეს.
„ფრინველის ამ სახეობებმა განიცადეს მუტაცია, რომელიც ტოქსინისადმი რეზისტენტულობას განაპირობებს. ამან ფრინველს უპირატესობა მიანიჭა და საკვების სრულიად ახალი წყარო გაუხსნა, რომელზეც ხელი არ მიუწვდება ეკოსისტემაში მის კონკურენტებს. შესაბამისად, აშკარაა, როგორი რბოლა მიმდინარეობს და ხოჭოებს კვლავ ქვებში დამალვა მოუწევთ იქამდე, ვიდრე რამდენიმე მილიონ წელიწადში ევოლუცია რაიმე ახალი იარაღს მისცემს“, — განმარტავს ჯონსონი.
მისივე განცხადებით, მოგვიანებით, ჩიტს, რომელსაც შხამიანი საკვების ჭამის უნარი განუვითარდა, თავად გახდა შხამიანი და კვების ჯაჭვში მტაცებლებისგან თავდაცვის საშუალება მიეცა. შედეგად, ჯაჭვში რბოლა გრძელდება. ეს ევოლუციაა — ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამას ხშირად დიდი დრო სჭირდება.
კვლევა Molecular Ecology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია science.ku.dk-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.