რუსული სპორტისთვის საგანგაშო ვარაუდებს გამოთქვამს ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტი იური განუსი.
მისი თქმით, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოში დარწმუნებულნი არიან, რომ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მიერ ამ ორგანიზაციისთვის გადაცემული მონაცემები შეგნებულად არის გაყალბებული. მოვლენათა განვითარების ყველაზე ცუდი ვარიანტია – რუსი სპორტსმენების ტოტალური ჩამოშორება ოლიმპიური თამაშებიდან. თანაც ლაპარაკია ორ ოლიმპიადაზე.
„არსებობს საფრთხე, რომ გამოვტოვებთ ორ უახლოეს ოლიმპიადას – 2020 წელს, ტოკიოში ზაფხულის თამაშებს და 2022 წელს, პეკინში ზამთრის თამაშებს. ბევრი ვერ აცნობიერებს იმას, რომ სწორედ ამგვარი შეიძლება იყოს სასჯელი. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ვიმოქმედოთ მშვიდად და საღი გონებით. ჩვენი სპორტი ისედაც სერიოზულად დაზარალდა რიჩარდ პაუნდისა და რიჩარდ მაკლარენის ანგარიშების შემდეგ. მართალია, შარშან დაგვიანებით შევასრულეთ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მოთხოვნები, მაგრამ მაინც მივაღწიეთ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს უფლებამოსილების აღდგენას და გავიარეთ ეს რთული სიტუაცია. თუ ახლა მორიგ სანქციებს მივიღებთ, კიდევ უფრო რთული პრობლემების წინაშე დავდგებით და უკვე აღარ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამოვიდეთ არა ამ ორმოდან, არამედ, უფსკრულიდან“.
განუსმა აღნიშნა, რომ ბრალდება არ ეხება მის ორგანიზაციას: მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს წერილი მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრის პაველ კოლობკოვის მისამართით.