„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოიხადონ მოღალატეობრივი განცხადებისთვის, ასევე იმისთვის, რომ ქვეყანა დაიცალა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველო - იზოლაციაში
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოიხადონ მოღალატეობრივი განცხადებისთვის, ასევე იმისთვის, რომ ქვეყანა დაიცალა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველო - იზოლაციაში

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება გორში ეროვნული სირცხვილია, – ამის შესახებ აღნიშნულია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს“.

ამასთან, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისგან“ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„მან და „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოიხადონ ქართველი ხალხის წინაშე ამ მოღალატეობრივი განცხადებისთვის. ასევე იმისთვის, რომ 12 წლის მანძილზე ხალხი გაღარიბდა, ქვეყანა დაიცალა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა.

ქართველი ხალხის სიმართლე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით ჰააგასა და სტრასბურგში, ასევე ეუთო-სა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებით.

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს „ქართულ ოცნებაზე“ და ერთიანობითა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზით განახორციელებს მშვიდობიან პოლიტიკას ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და მშვიდობიანი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გორში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი, ქართული ნიურნბერგის პროცესი მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა: „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები“.