ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის ცვლილების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაეგზავნათ
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ყველა არსებულ ხერხს მიმართავენ, რომ განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველა აბიტურიენტამდე მივიდეს.
„ვიყენებთ ჩვენს სოციალურ გვერდს, ვებგვერდსა და ტელევიზიას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ თითოეული მათგანი მოკლე ტექსტურ შეტყობინებას იღებს იმის თაობაზე, რომ განრიგი იცვლება და აუცილებლად ეწვიონ ჩვენს ვებგვერდს. დღეს კიდევ ერთხელ გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე ინდივიდუალურად ინფორმაციის მიწოდების მიზნით და ამ შეტყობინებაში მითითებულია, კონკრეტული აბიტურიენტი როდის უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში. თუ თეორიოულად მოხდება, რომ ამ ინფორმაციას ის ვერ მიიღებს და ბარათზე მითითებული დროის შესაბამისად გამოცხადდება გამოცდაზე, ეს არ იქნება პრობლემა, რადგან ადგილზე დახვდება საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი და მიაწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მისი გამოცდა გადატანილია და უნდა გამოცხადდეს კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ საათზე“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
საგამოცდო ცენტრში აცხადებენ, რომ აბიტურიენტები გამოცდაზე, შეცვლილი თარიღის მიუხედავად, უკვე მიღებული ან ამობეჭდილი საგამოცდო ბარათებით უნდა გამოცხადდნენ.
მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, იცვლება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარების დრო. კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისთვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება, შესაბამისად, 4 და 5 ივლისს, დილით.