ერთ წელში ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები 4,9 პროცენტით გაიზარდა
2018 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 1,5 პროცენტით განისაზღვრა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფებზე, მათ შორის, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,52 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ ჯგუფში ფასებმა თევზეულზე 11,1 პროცენტით მოიმატა, პურსა და პურპროდუქტებზე – 8,8 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 4,5 პროცენტით. ამასთან, ერთ წელში ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე 17,5 პროცენტით; 4,3 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე, ასევე ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 3,2 პროცენტიანი.
2018 წლის დეკემბერში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 4,9 პროცენტით, რაც 0,33 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ამ ჯგუფში ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე 8,1 პროცენტით.
საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიასა და აირზე ფასების ზრდა დაფიქსირდა 3,1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,25 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში 7,7 პროცენტით გაძვირებულია ფასები წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებაზე. ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეებზე – 2,9 პროცენტით.
რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, ამ ჯგუფში წლიურად ფასები 2,9 პროცენტით გაიზარდა და 0,25 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. კერძოდ, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა 4,0 პროცენტით გაძვირდა; ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე ფასები 3,4 პროცენტით გაიზარდა და საავადმყოფოების მომსახურებაზე – 1,1 პროცენტით.
ასევე, ერთ წელში ფასების 1,7 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფში, მათ შორის 3,4 პროცენტით გაძვირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია.
ამასთან, 2016 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 1,8 პროცენტს შეადგენდა, 2017 წლის დეკემბერში კი, 6,7 პროცენტი იყო. შესაბამისად, 2018 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია ბოლო სამ წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა.