საქართველოში ერთ წელიწადში სამომხმარებლო ფასები 2,2 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის დონე მიმდინარე წლის ივნისში, სწორედ 2.2 პროცენტზე დაფიქსირდა.
მოცემულ პერიოდში, 7,7 პროცენტით გაძვირდა წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება. ასევე 5,8 პროცენტით მოიმატა ფასებმა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა ჯგუფებზე.
ამავე პერიოდში, მთლიანობაში 5,1 პროცენტით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა. კერძოდ, 9,1 პროცენტით მოიმატა ფასმა სამედიცინო პროდუქციაზე, მათ შორის აპარატურასა და სხვა სახის მოწყობილობაზე. მომხმარებლებს ამბოლატორიული მომსახურებისთვის 3,4 პროცენტით მეტის გადახდა უწევთ, ხოლო საავადმყოფოების მომსახურება 2,4 პროცენტით არის გაძვირებული.
ასევე, ერთ წელიწადში თამბაქოს ნაწარმზე ფასები მომატებულია 8,9 პროცენტით.
მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ტრანსპორტის ჯგუფზე, ფასები გაზრდილია 4,6 პროცენტით. აქედან, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯი 8,3 პროცენტით არის გაზრდილი. თუმცა გაიაფებულია სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა – 10,8 პროცენტით.
ამასთანავე, ერთ წელიწადში გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. კერძოდ, ტანსაცმელზე ფასები შემცირებულია – 7,9 პროცენტით, ხოლო ფეხსაცმელზე – 6,8 პროცენტით.