ერთ-ერთმა მოწმემ მეგის ქარდავას წინააღმდეგ ჩვენება მისცა და წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულა
ერთ-ერთმა მოწმემ მეგის ქარდავას წინააღმდეგ ჩვენება მისცა და წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მეგის ქარდავას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. საუბარია არაადამიანური მოპყრობისა და წამების ეპიზოდზე ბელა როგავას საქმესთან დაკავშირებით.

სხდომაზე ბელა როგავამ მისცა ჩვენება. მან პროცესზე 2009 წელს მის მიმართ განვითარებული მოვლენები გაიხსენა, როცა ფეხმძიმედ იყო და მეგის ქარდავა მისგან ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებას ითხოვდა.

„მკითხა, რატომ არ ვაწერდი ხელს ბრალდებაზე. ვუთხარი, რომ ეს მე არ მეკუთვნოდა. როგორც მათ ჰქონდათ ინფორმაცია, დაკავებული ვიყავი მანქანის გატაცებასა და მძღოლის მძევლად აყვანაზე, ახლა არ დავაკონკრეტებ, ნაწილობრივ ვგრძნობ თავს დამნაშავედ ამ საკითხთან მიმართებაში და სასჯელიც მოხდილი მაქვს. მას ვუთხარი, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რაც ვიცოდი, მასზე შემეძლო მესაუბრა, რაზეც მან პასუხად გამარტყა, სილა გამაწნა სახეში. გავიდა ოთახიდან და დაახლოებით 10 წუთში შემოვიდა არაადეკვატური სახით. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, წინ დამიჯდა და დამიწყო გინება, შეურაცხყოფები და ისევ დამარტყა. ვუთხარი, არ დაერტყა, რადგან ფეხმძიმედ ვიყავი. მას ეს არ აინტერესებდა და მისი პასუხი იყო: „არ მაინტერესებს, ფეხმძიმედ ხარ თუ არა, მოგკლავ. ახლა უნდა თქვა ყველაფერი სიმართლე და ამაზეც ხელს მოაწერ“, რაზეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გავუწიე. რაც არ ვიცოდი, იმის იქით ვერაფერს ვეტყოდი. ის მეუბნებოდა, რომ თანამზრახველები დამესახელებინა. შემდეგ მეგის ქარდავამ უბრძანა, რომ ერქვანია გასულიყო ოთახიდან და დავეტოვებინე მარტო. მკითხა, რატომ არ ვაწერდი ხელს ამ ყველაფერს, ვუთხარი, რომ ჩვენება არ მეკუთვნოდა, რაზეც მან დამარტყა, სილა გამაწნა სახეში. დამიჯდა წინ, შეურაცხყოფას მაყენებდა და მერე ისევ დამარტყა, წინააღმდეგობა გავუწიე. მომქაჩა თმაზე, იარაღი დამადო კბილებთან, ძალით გამაღებინა პირი, რა დროსაც ჩამემტვრა კბილი და კბილთან ერთად გადამაყლაპეს სითხე“, – განაცხადა როგავამ.

საქართველოში 11 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. მისი უკრაინიდან ექსტრადიცია 2021 წლის 17 სექტემბერს განხორციელდა. მეგის ქარდავა 2006 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.