ეროვნული საფეხბურთო ლიგის დასრულებულ სეზონში თბილისის “ლოკომოტივის” ფორვარდმა, ირაკლი სიხარულიძემ 25 გოლი გაიტანა და ლიგის ბომბარდირი გახდა.
მისით საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დაინტერესდა და 27 წლის თავდამსხმელი ნოემბერში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვია. სიხარულიძემ ეს შანსი გამოიყენა და 13 ნოემბერს ბელარუსის ნაკრებთან სადებიუტო გოლიც გაიტანა.
გავრცელებული ცნობების თანახმად, სანაკრებო შეხვედრებს სიხარულიძით დაინტერესებული პოლონური და ავსტრიული კლუბების სელექციონერები დაესწრნენ, მოეწონათ და მისი გადაბირება გადაწყვიტეს.
მაგრამ სიხარულიძის დატოვება სურს მის ამჟამინდელ კლუბს, თბილისის “ლოკომოტივს” და ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეს. ამის შესახებ პირველ არხს კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი ყიფიანმა უთხრა.
“სიხარულიძე ლიგის საუკეთესო ბომბარდირია და გასაგებია, რომ მისით უცხოეთში დაინტერესდნენ. თუმცა ჩვენ მისი შენარჩუნება გვსურს. ამიტომ დაველაპარაკეთ, ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ და უახლოეს დღეებში მის პასუხს ველოდებით”, – განაცხადა ყიფიანმა.