ძმები ხორხელები სიხარულიძის წინააღმდეგ - სეზონის ყველაზე სანახაობრივი მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მორიგი შეხვედრა „მიხეილ მესხი – არენაზე“ გაიმართა. „საბურთალომ“ ბოლნისის „სიონი“ მიიღო და სეზონის ყველაზე სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრა ფრედ დაასრულა.
პირველ ტაიმში ძმებმა ხორხელებმა გაიბრწყინეს. მე-7 წუთზე, დამატებაზე ლუკა ხორხელმა ზუსტად დარტყმით „სიონი“ დაააწინაურა 0:1. მე-18 წუთზე კი ნიკა ხორხელმა ეფექტური დარტყმით ბოლნისელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა – 0:2. ორივე მომენტში შეტევა თომა ტაბატაძემ განავითარა.
„საბურთალომ“ მეორე ტაიმში შეუტია და წონასწორობა აღადგინა. 52-ე წუთზე სხვაობა ირაკლი სიხარულიძემ შეამცირა, 70-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და „საბურთალოს“ მოგების იმედი დაუბრუნა. „სიონი“ 75-ე წუთზე 10 მოთამაშით დარჩა: გიორგი გულიაშვილთან უხეშობისთვის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ანდრო ნემსაძე გააძევა.
კაცნაკლული „სიონმა“ გაიბრძოლა და ისევ დაწინაურდა – 79-ე წუთზე, ნიკა ხორხელის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში რაფაელ ჩუკვურა შევარდა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა – 2:3, მაგრამ 89-ე წუთზე თბილისელთა შემტევმა ,იური ტაბატაძემ ანგარიში ისევ გაათანაბრა. მსაჯის საფინალო სასტვენმა ფრე დააფიქსირა – 3:3 .
7 ტურის შემდეგ „საბურთალო“ 8 ქულით ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში ისევ მე-7 ადგილზე დარჩა. პოზიცია არც „სიონს“ (5) შეუცვლია – ბოლნისელები ისევ მე-9 ადგილზე რჩებიან.