სიხარულიძემ საიუბილეო 130-ე გოლი გაიტანა #1TVSPORT
სიხარულიძემ საიუბილეო 130-ე გოლი გაიტანა #1TVSPORT

„საბურთალოს” თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ ყოფილი კლუბის, „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში დუბლი მიითვალა, რის შემდეგაც 6 გატანილი ბურთი დაუგროვდა და ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელს, ჯოვინო ფლამარიონს (7 გოლი) ჩამორჩება.

რაც მთავარია, 31 წლის თავდამსხმელმა კარიერაში უკვე 345 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 130 გოლი დაუგროვდა. ის შედეგიანობით გამორჩეულია არა მხოლოდ მოქმედ ქართველ თავდამსხმელებს შორის, არამედ, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაშიც.

„საბურთალოს” ფორვარდს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. სიხარულიძემ ეროვნულ ჩემპიონატში 114 გოლი გაიტანა, საქართველოს თასზე – 14, ევროტურნირებზე – 2. რაც შეეხება მატჩებს – ირაკლის ამ დროისთვის 345 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული (ეროვნული პირველობა – 299, თასი – 39, ევროტურნირები -7). აქვე ვიტყვით, რომ სიხარულიძემ ითამაშა საქართველოს ნაკრებშიც და ერთი გოლი გაიტანა.

ირაკლი სიხარულიძე 2017 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (25 გოლი) „ლოკომოტივში“ გახდა. 31 წლის ფორვარდი „საბურთალოში“ სეზონის დასაწყისში ჩაირიცხა. „ლოკომოტივის“ გარდა, სიხარულიძეს სხვა ქართულ კლუბშიც უთამაშია – თბილისის „დინამოში“, რუსთავის „მეტალურგში“, „სამტრედიაში“, „ვიტ ჯორჯიაში“, ბოლნისის „სიონში“ და „ზესტაფონში“. 2018 წლის ზამთარში გადავიდა ჩეხურ „სლოვაცკოში“, სადაც არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. იქიდან მიაშურა ლატვიას, სადაც „რიგასში“ გამოდიოდა. 2019 წელს დაბრუნდა „ლოკომოტივში“ და ბოლო 3 სეზონი ამ გუნდში გაატარა.

ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი დღემდე ზურაბ იონანიძეა – მან 2009 წელს 216-ე გოლი გაიტანა და ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატში 200-გოლიანი ზღვარი გადალახა.