ეროვნული კინოცენტრი ოსკარის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს
ეროვნული კინოცენტრი ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად განაცხადების მიღებას იწყებს.
ფილმების მიღება ეროვნულმა კინოცენტრმა 2 ივლისს დაიწყო. კანდიდატი ფილმების შესარჩევად განაცხადის მიღების ბოლო ვადა კი, 26 ივლისია.
საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენს. კომისიის წევრებისთვის წარდგენილი ფილმების ჩვენება ივლისის ბოლოს იგეგმება.
ამასთან, წელს ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციას სახელი შეეცვალა და მას საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაცია დაერქვა.
ეროვნული კინოცენტრი მსურველთათვის კონკურსის პირობებს აქვეყნებს. განაცხადის მისაღებად აუცილებელია ფილმი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 2019 წლის 30 სექტემბრამდე შვიდი დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში; უნდა ჰქონდეს კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი); კინოთეატრში გამართულ პრემიერამდე არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით; შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები.