ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელი აბიტურიენტებს მიმართავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აბიტურიენტებს მიმართავს.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. წინ ემოციურად დატვირთული დღეებია, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი გულშემატკივრებისთვის. რა თქმა უდნა, გასათვალისწინებელია ის გამოწვევებიც, რაც პანდემიამ მოგვიტანა.
კორონავირუსის პანდემიამ მართლაც მკვეთრად შეცვალა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება და ყოველდღიურობა. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ამ თემაზე, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან კარდინალურ ცვლილებებთან ადაპტაცია დიდი გამოწვევაა. ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება მართლაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომაც მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო თქვენი მონდომება და გამძლეობა. თქვენ წარმატებით დაასრულეთ სწავლა და ახლა ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად ემზადებით.
მთელი გულით გისურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრას. დარწმუნებული ვარ, მშვენივრად გაართმევთ თავს გამოცდებს და თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო, აქტიური და შესაძლებლობებით სავსე პერიოდი დაიწყება. შეიძენთ ახალ ცოდნას, ახალ მეგობრებს, დაეუფლებით სასურველ პროფესიას. მერწმუნეთ, განათლება საკუთარ მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა, განათლებული მომავალი თაობა ჩვენი სიძლიერეა და მჯერა, თქვენი ცოდნით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარებაში!
იმედი მაქვს, რომ მომავალ სასწავლო წელს აუდიტორიებში შეხვდებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უსაფრთხო გარემოში შეძლოთ სწავლის გაგრძელება. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს!“, – ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის მიმართვაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო.