ეროვნული გამოცდები 2020 წლიდან სამ საგანში ჩატარდება, ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება
ეროვნული გამოცდები 2020 წლიდან ოთხის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება.
ქართული ენის, ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულო იქნება.
მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში, ისტორიას.
აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები.
სავალდებულო აღარ იქნება ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.
ამასთან, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს მეთორმეტე კლასელებისთვის შენარჩუნდება.