ეროვნული ბანკი - წლიურ ჭრილში ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება ზრდის
2024 წლის მაისში წლიური ინფლაცია, გასულ თვეებთან შედარებით, გაიზარდა და 2.0% შეადგინა, თუმცა კვლავ მიზნობრივი, 3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აპრილთან შედარებით ფასებმა 0.4%-ით მოიმატა. აპრილში ინფლაციის ზომიერი მატების მიზეზი საწვავსა და ზოგიერთ სურსათზე ფასების ზრდაა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეული სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, წინა თვესთან შედარებით მოიკლო და 1.7% შეადგინა. საბაზო ინფლაციის შემცირება ძირითადად წინა წელს გაძვირებული საბანკო მომსახურების ღირებულების ეფექტის ამოვარდნას უკავშირდება.
„მაისში, აპრილთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი კარტოფილის 22.2%-იანი გაძვირება იყო, რამაც თვის ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით გაზარდა. წლიურ ჭრილში ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება ზრდის. გასულის წლის მაისთან შედარებით ბენზინის ფასებმა საშუალოდ 31.7%-ით მოიმატა, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 1.0 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სურსათის ფასები თითქმის გასული წლის დონეზე შენარჩუნდა. აქედან გამოსარჩევი ზეთი, პური და ხახვი იყო, რაც ინფლაციას, ჯამში, 0.6 პროცენტული პუნქტით ამცირებდა, ხოლო ვაშლი, მწვანილი და ატამი ამდენითვე ზრდიდა. ადგილობრივი ინფლაცია მიზნობრივ 3%-თან ახლოს ნორმალიზდა.
მაისში ადგილობრივი ინფლაცია 2.5%-ს გაუტოლდა და მასში მთავარი წვლილი მომსახურების ფასების ცვლილებამ შეიტანა. შერეულად წარმოებული პროდუქტები, ჯამში, 0.3%-ით იაფი იყო გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შერეულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ზეთის, ანტიბიოტიკებისა და ელექტროენერგიის ტარიფის წლიური გაიაფება მოქმედებს. იმპორტირებული პროდუქტების ინფლაცია 3.8%-მდე გაიზარდა, რისი მთავარი მიზეზიც საწვავის გაძვირებაა. მომსახურების ინფლაცია კლებად ტენდენციას განაგრძობს და მაისში 4.4%-მდე შემცირდა. წინა თვესთან შედარებით შემცირების მთავარი მიზეზი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საბაზო ეფექტი, კერძოდ, საბანკო მომსახურების წვლილის განულებაა“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.