ეროვნული ბანკი - თებერვალში ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად ბენზინისა და დიზელის გაძვირებამ იმოქმედა
2021 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების გამო ადგილობრივ ბაზარზე ბენზინისა და დიზელის გაძვირებამ იმოქმედა, ჯამში 0.3 პროცენტული პუნქტით.
„მზესუმზირის ზეთის, შაქრის და პურის გაძვირების წვლილმა თვის ინფლაციაში სათითაოდ 0.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საპირისპიროდ, იმერული ყველის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. წლიურად სურსათი 6.0 პროცენტით იყო გაძვირებული. იანვრის 3.6-პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.7 პროცენტული პუნქტი მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ზეთზე, შაქარზე, კვერცხზე და პურზე 1.0 პროცენტული პუნქტი. კვლავ მაღალი იყო სიგარეტის წვლილი (0.3 პროცენტული პუნქტი). ავტომობილის სათანადარიგო ნაწილებზე, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტებსა და ქორწინების ოქროს ბეჭედზე ფასების ზრდამ ინფლაციის მატებაზე ჯამში 0.6 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება თებერვალში კვლავ მნიშვნელოვნად, 1.6 პროცენტული პუნქტით მოქმედებდა, ამის გარდა, წლიური ინფლაციის შემცირებაზე ყველაზე დიდი გავლენა ბენზინის, დიზელის და გაზის საწვავის, (ჯამში 0.2 პროცენტული პუნქტიით) და კარტოფილის გაიაფებას (0.2 პროცენტული პუნქტით) ჰქონდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.3 პროცენტამდე გაიზარდა. მთლიან ინფლაციასა და საბაზო ინფლაციას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა მეტწილად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადასახადის ზემოთხსენებულ სუბსიდირებას უკავშირდება. ასევე სახეზეა წინა პერიოდებში გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.