ეროვნული ბანკი - სექტემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 8.8 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წელთან შედარებით 8.8 პროცენტით მოიმატა და 209.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 16.6 პროცენტით 29.2 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„სექტემბერში რეგიონის ქვეყნებიდან ზრდის მაღალი ტემპით, 204.8 პროცენტით ყაზახეთიდან და 238.2 პროცენტით ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გამოირჩეოდნენ, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში, შესაბამისად, 2.1 და 1.3 პროცენტული პუნქტებით აისახა.
ფულადი გადმორიცხვები ასევე რუსეთიდან გაიზარდა, ხოლო თურქეთიდან და უკრაინიდან შემცირდა. საანგარიშო თვეში ჯამურად ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა 10.6 პროცენტით მოიმატა, რაც ძირითადად, 16.6 პროცენტით იტალიიდან და 44.1 პროცენტით გერმანიიდან გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. საბერძნეთიდან გზავნილების მოცულობა ზომიერად შემცირდა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა აშშ-დან და ისრაელიდან მიღებულმა თანხებმა.
რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 41.0 პროცენტს ევროკავშირის ქვეყნები, 18.4 პროცენტს რუსეთი და 11.7 პროცენტს აშშ წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.