ეროვნული ბანკი - ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 10.4 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 10.4 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 208.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 652.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.4%-ით, ანუ 19.7 მლნ აშშ დოლარით მეტია 2020 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში ერთ მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 95.4% მოდიოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გზავნილების მოცულობით რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 40.11 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზე 33.32 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, მესამეზე აშშ – 25.50 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე საბერძნეთი – 20.62 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე 16.10 მლნ აშშ დოლარით ისრაელია.

2021 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 83.4 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19.9%-ით მეტია.