ეროვნული ბანკი - სათამაშო ბიზნესის ე.წ. ინკოგნიტო ბარათების ოპერაციები აღირიცხება და ჩანს შესაბამის ამონაწერში
სათამაშო ბიზნესის ე.წ. ინკოგნიტო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები აღირიცხება და ჩანს შესაბამის ამონაწერში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეროვნულ ბანკში განუცხადეს.
სებ-ის ინფორმაციით, საქართველოში საგადახდო ბარათების გამოშვების უფლება კომერციულ ბანკებსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საგადახადო მომსახურების პროვაიდერებს აქვთ. შესაბამისად, „ინკოგნიტო ბარათები“ გამოშვებულია არა სათამაშო ბიზნესის, არამედ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ.
„აღნიშნული ბარათების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია, სათამაშო ბიზნესიდან საკუთარი ფულადი სახსრები გადაიტანოს პროვაიდერთან არსებულ ბარათზე და შემდეგ განახორციელოს სხვადასხვა ოპერაცია. არსებული კანონმდებლობის თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს მომხმარებელთა იდენტიფიცირების კუთხით იგივე ვალდებულება აქვთ დადგენილი, რაც კომერციულ ბანკებს. შესაბამისად, როგორც ბანკის, ისე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ბარათის ყველა მფლობელი სათანადოდ იდენტიფიცირებულია მიუხედავად იმისა, ვიზუალურად დატანილია თუ არა მისი სახელი ბარათზე.
ასევე, აღსანიშნავია, რომ პროვაიდერის მიერ გამოშვებული ბარათით განხორციელებული ოპერაციები აღირიცხება პროვაიდერის ელექტრონულ სისტემაში და ჩანს შესაბამის ამონაწერში, ისევე, როგორც საბანკო ბარათით განხორციელებული ოპერაციები აღირიცხება ბანკის სისტემაში და ჩანს შესაბამის ამონაწერში“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
მათივე განმარტებით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ გამოშვებული ბარათები არ არის საკრედიტო ბარათები. შესაბამისად, მათი ფლობა მომხმარებელს ვალის ტვირთს ვერ გაუზრდის. ხოლო ბარათის მფლობელის იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის კუთხით სებ-ის რეგულაციები და პროცედურები შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან.
საუბარია არასაბანკო, ინკოგნიტო პლასტიკურ ბარათებზე. მათ მომხმარებლები სათამაშოდ იყენებენ, თანხის გამოტანა კი ბანკომატებიდანაც შეუძლიათ. სათამაშო ბიზნესში ჩართული მოქალაქეები ამ გზით სესხის აღებისას სავარაუდო რისკებს იცილებენ თავიდან.