ეროვნული ბანკი - ნახევარ მილიონამდე მსესხებელს შემოსავალი საერთოდ არ უფიქსირდება
ბოლო წლებში დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ფიზიკური პირების სესხების წილი გაზრდილია, რაც მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკებს პოტენციურად ზრდის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესასწავლად, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისა და ხუთი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ინდივიდუალურ მსესხებლებზე მიკრო მონაცემები მოაგროვა, ასევე მსესხებლების შემოსავლები და საკრედიტო ისტორია შეისწავალა.
„მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ინსტიტუტებისთვის მაღალი საკრედიტო დანაკარგების რისკი და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის პირდაპირი საფრთხე ამ ეტაპზე დაბალია, აღნიშნული მონაცემების ანალიზი მომავალში ჭარბვალიანობის ზრდის და, შედეგად, ფინანსური სტაბილურობის რისკების მატების ალბათობაზე მიუთითებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხშირ შემთხვევაში, სესხები გაიცემა ისე, რომ არ ხდება მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლა. ნახევარ მილიონამდე მსესხებელს კი, საერთოდ არ უფიქსირდება დასაქმებით ან სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი და ასეთი მსესხებლების 45 პროცენტს ვალდებულებებზე მიმდინარე ვადაგადაცილება აქვს. მსგავსი სესხები კი, უმეტესად მცირე მოცულობისაა.
ანგარიშის თანახმად, რაოდენობრივად მსესხებლების უმეტეს ნაწილს 2 500 ლარამდე სესხი აქვს, მაგრამ კრედიტორების ჯამურ პორტფელს ძირითადად 2 500 ლარზე მეტი მოცულობის სესხები ქმნის. კრიტიკულად მაღალი ვადაგადაცილებები კი, სწორედ მცირე თანხებშია და ვადაგადაცილებები მსესხებლების დიდ ნაწილს ეხება.
„საყურადღებოა, რომ ყალიბდება ფინანსური პრობლემების მქონე მოსახლეობის მზარდი მასა, რომელსაც ეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშებზე და უმცირდება ფორმალური ეკონომიკური აქტივობის მოტივაცია, რაც ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ამ ნაწილის კეთილდღეობასა და, საბოლოოდ, გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონკურენცია და ზრდის სურვილი ცალკეულ საკრედიტო ინსტიტუტებს უბიძგებს გასცენ იმაზე მეტი სესხი, მათ შორის მაღალშემოსავლიან მსესხებლებზეც, ვიდრე კლიენტს შეუძლია მოემსახუროს ფინანსური სიძნელეების გარეშე. შესაბამისად, ბანკი სათანადო ზომების დროულად მიღების აუცილებლობაზე მიუთითებს.
ანალიზიდან გამოიკვეთა, რომ მცირე მოცულობის სესხები კონცენტრირებულია დაბალშემოსავლიან და დაბალგადახდისუნარიან მოსახლეობაზე. როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, ამ მსესხებლების ვალის ტვირთის ზრდის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ბოლო წლებში არარეგულირებადი კრედიტორებისა და კრედიტის მიწოდების დაბალხარჯიანი არხების მომრავლება იყო, ასევე მიწოდების არხების გაფართოებას ხელი შეუწყო ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებამ.
„აქამდე არსებობდა მატერიალური რისკი, რომ მხოლოდ ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მოთხოვნების დაწესებით მათ ჩაანაცვლებდა არარეგულირებადი ბაზარი – ე.წ. სწრაფი/ონლაინ სესხები, რომელთა შორისაც უპასუხისმგებლო დაკრედიტების პრაქტიკა ყველაზე მაღალია. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა, 2018 წლის იანვრის საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მიიღო უფლებამოსილება დაარეგულიროს სესხის ყველა გამცემი, რომელსაც 20-ზე მეტი მსესხებელი ჰყავს. შედეგად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტები თანაბრად გავრცელდება ყველა გამსესხებელზე“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში და აღნიშნულია, რომ სესხის გაცემამდე კრედიტორმა უნდა შეაფასოს, შეუძლია თუ არა მსესხებელს საკონტრაქტო ვადაში და ფინანსური სირთულეების გარეშე ვალდებულებების გასტუმრება.
ასევე, როგორც ბანკი გასული წლის ანგარიშში მიუთითებს, ბოლო პერიოდში, საქართველოში ზედმეტად გაიზარდა დამოკიდებულება სამომხმარებლო სესხებზე, რაც აგრესიული მარკეტინგით და ასეთი სესხების მარტივად აღების შესაძლებლობებით არის გამოწვეული. ამ ფონზე კი, მნიშვნელოვანია ადეკვატური ღონისძიებების სწრაფად განხორციელება, რომ არ მოხდეს ჭარბვალიანობის პრობლემების გაღრმავება. აქვე ეროვნული ბანკი რეგულაციების რადიკალურად გამკაცრების შემთხვევაში, დაკრედიტების ჩრდილოვან ფინანსურ სექტორში გადანაცვლების საფრთხეზე მიუთითებს.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, მარეგულირებელი ღონისძიებების განხორციელება სწრაფად, თუმცა თანმიმდევრულად და ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ რეგულაციას მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ჰქონდეს მცირე უარყოფითი გავლენა, გრძელვადიან პერიოდში მისი შედეგი ცალსახად პოზიტიურია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის წლიურ, 2017 წლის ანგარიშში, რომელსაც დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განიხილავენ.