ეროვნული ბანკი - მარტთან შედარებით, აპრილში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 243 მილიონი ლარით შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის აპრილის ბოლოსათვის 43.09 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 242.96 მლნ ლარით, ანუ 0.56%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ცენტრალური ბანკის ცნობით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 367.11 მლნ ლარით, ანუ 2.18%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 610.07 მლნ ლარით, ანუ 2.31%-ით შემცირდა.
სებ-ის ანგარიშის მიხედვით, აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.57% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.41%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 1.08%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 79.83%, ხოლო ევროს წილმა 18.28% შეადგინა.