ეროვნული ბანკი - მარტში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა თითქმის გაორმაგდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 49.5 პროცენტით გაიზარდა და 188.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 21.9 პროცენტით, 24.9 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (207.6 პროცენტით) და უკრაინიდან (145.2 პროცენტით) გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 3.9 და 4.2 პროცენტული პუნქტებით აისახა. ფულადი გადმორიცხვები ასევე თურქეთიდან და რუსეთიდან გაიზარდა.
საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (50.9 პროცენტით), რაც იტალიიდან (76.3 პროცენტით), საბერძნეთიდან (27.3 პროცენტით) და გერმანიიდან (70.2 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა აშშ-დან (59.8 პროცენტით) და კანადიდან (80.6 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა.
რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (41.5 პროცენტი) და რუსეთი (17.1 პროცენტი) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.