ეროვნული ბანკი - ივლისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 10.4%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.9%-ით გამყარდა
ეროვნული ბანკი - ივლისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 10.4%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.9%-ით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ – 2.8258-დან 2.7338-მდე, ანუ 3.3%-ით, ხოლო ევროს მიმართ 3.0421-დან 2.9647-მდე, ანუ 2.6%-ით გამყარდა.

თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7214 და 2.9481 შეადგინა. ივლისში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.8101 იყო, მინიმალური კი – 2.6952.

„ივლისში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმუმზე ორჯერ მეტად იყო გადახრილი. ივლისში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია ლარის გამყარება. ასევე გამყარდა რუბლი და ევრო, თურქული ლირა გაუფასურდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი და სომხური დრამი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 10.4%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში გამყარებამ კი 1.9% შეადგინა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიური გაუფასურება 0.7%-ია, თვის ჭრილში გამყარება კი 3.3%-ია. ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციაზე ზრდის წნეხს ქმნის. სავაჭრო პარტნიორთაგან ივლისში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, აშშ-ში, აზერბაიჯანსა და ევროზონაში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.