ეროვნული ბანკი - გასული წლის მეორე ნახევარში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ნაწილში დოლარიზაცია გაიზარდა, რაც საბანკო სექტორში უცხოური ვალუტის ჭარბ რესურსებს უკავშირდებოდა 
ეროვნული ბანკი - გასული წლის მეორე ნახევარში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ნაწილში დოლარიზაცია გაიზარდა, რაც საბანკო სექტორში უცხოური ვალუტის ჭარბ რესურსებს უკავშირდებოდა 

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ლარიზაციის ზრდაა, ვინაიდან ლარიზაცია ქვეყანაში მაკრო-ფინანსური რისკების შემცირებისა და საგარეო მოწყვლადობების მიმართ მდგრადობის გაზრდის წინაპირობას წარმოადგენს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგენს.

ანგარშის თანახმად, აღნიშნული ასევე აისახება მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდაში. შესაბამისად,  ლარიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და მისი წამახალისებელი რეფორმები ეტაპობრივად ხორციელდება. 2018 წლის ივნისში ლარით სახსრების მოზიდვის დამატებითი წახალისების მიზნით, ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმა 7-დან 5 პროცენტამდე შემცირდა; 2018 წლის 25 ივლისის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კი,  მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო მოთხოვნის 25 პროცენტამდე გაზრდის შესახებ, ნაცვლად მანამდე მოქმედი 20 პროცენტისა.

ამასთან, ეროვნული ბანკის აღნიშნავს, რომ ერთიდან  ორ წლამდე ვადიანობის მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო ნორმა 10 პროცენტია, ხოლო ორ წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის უცხოური ვალუტით ნასესხები სახსრები გათავისუფლებულია აღნიშნული მოთხოვნისგან.

„ასევე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნებზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ, რაც, თავის მხრივ, ლარით დეპოზიტების მოზიდვის უპირატესობას ზრდის. უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნები ის ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ეროვნულ ბანკს შეუძლია, გავლენა იქონიოს უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთებზე და ბანკების მიერ უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტენდენციებზე. მაგალითად, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის მატება ზრდის ბანკებისთვის რესურსის მოზიდვის ხარჯებს, და შესაბამისად, ამცირებს უცხოური ვალუტით ეკონომიკის დაკრედიტებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნები ბუფერის როლსაც ასრულებს. მაგალითად, უცხოური ვალუტის მოულოდნელი სწრაფი გადინების შემთხვევაში, ეს რესურსები უცხოური ვალუტის ლიკვიდობის არსებობას უზრუნველყოფს, რითაც კრიზისის რისკები მცირდება.

საქართველოში 2017 წლიდან ფიზიკური პირებისთვის 100 000 ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ლარით არის შესაძლებელი. 2018 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ზღვარის 200 000-მდე გაზრდის შესახებ. ამასთან, ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე. 200 000 ლარამდე უცხოური ვალუტით სესხების გაცემის აკრძალვა ძალაში 2019 წლის 23 იანვრიდან შევიდა.

ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ბოლო წლების ღონისძიებების ფონზე, 2017 წელს გააქტიურებული დედოლარიზაციის ტენდენცია 2018 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც შესამჩნევი იყო როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების შემთხვევაში. თუმცა, წლის მეორე ნახევარში მთლიანი სესხების დედოლარიზაციის ტენდენცია შენელდა და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ნაწილში დოლარიზაცია გაიზარდა კიდეც.

ეროვნული ბანკის განმარტებით, აღნიშნული უკავშირდებოდა საბანკო სექტორში არსებულ უცხოური ვალუტის ჭარბ რესურსებს, რაც ბანკებს საშუალებას აძლევდა, ბაზრისთვის უცხოური ვალუტით შედარებით დაბალპროცენტიანი სესხები შეეთავაზებინა.

„ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბაზრის მიერ არ ხდება სავალუტო რისკების ადეკვატურად აღქმა და შეფასება“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

უწყების გასული წლის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში სესხების დოლარიზაცია, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.8 პპ-ით შემცირდა და დეკემბერში 56.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი წლის განმავლობაში 3.2 პპ-ით შემცირდა და 63.1 პროცენტი შეადგინა.

„რაც შეეხება ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელს, ის 2017 წლის ბოლოს არსებული 46.3 პროცენტიდან 2018 წლის ბოლოსთვის 47.7 პროცენტამდე გაიზარდა და ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის მიღების შედეგად, მოსალოდნელია, რომ 2019 წელს კვლავ შემცირების ტრაექტორიით იმოძრავებს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში.