ეროვნული ბანკი - აპრილში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა
ეროვნული ბანკი - აპრილში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა

აპრილში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 24.8%-ით დაიკლო და 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 6.9%-ით 30.4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.

„აპრილში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 69%-ით, 49 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა მაღალი ტემპით, 35.4%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, სხვა ქვეყნებიდან, როგორებიცაა ისრაელი და ყირგიზეთი, გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია, შესაბამისად, 17.2%-იანი და 60.7%-იანი მატება ფიქსირდება. კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. აპრილში რეგიონის ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად, 22.2%-ით და 37.9%-ით. უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ მინიმალურ დონეზე რჩება. აპრილში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 41.8%-ს ევროკავშირის ქვეყნები, 17.6%-იანი წილით რუსეთი და 16.6%-იანი წილით აშშ წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.