ეროვნული ბანკი - 2023 წლის თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი - შემცირდა
ეროვნული ბანკი - 2023 წლის თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი - შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 9.46 მლნ ლარით, ანუ 0.02%-ით შემცირდა და თებერვლის ბოლოს 44.45 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 144.87 მლნ ლარით, ანუ 0.59%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 154.32 მლნ ლარით, ანუ 0.77%-ით შემცირდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2023 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.35 მლრდ ლარის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.12%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით 12.32 მლრდ ლარის სესხი, რაც წინა თვეს 0.38%-ით ჩმორჩება.

მათივე ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის თებერვლის განმავლობაში 0.18%-ით, ანუ 42.04 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 23.84 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის თებერვლის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.35 პროცენტი შეადგინა და, წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.34 პროცენტული პუნქტით.