ეროვნული ბანკი - 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, 2023 წლის იანვარში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 650 მილიონი ლარით შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის იანვრის ბოლოსათვის 43.64 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 648.73 მლნ ლარით, ანუ 1.46%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 462.59 მლნ ლარით, ანუ 2.84%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.11 მლრდ ლარით, ანუ 3.97%-ით შემცირდა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის იანვრის ბოლოსათვის 45.11 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.21 პროცენტული პუნქტით.
სებ-ის ინფორმაციით, იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.06% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.51%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 1.07%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 81.22%, ხოლო ევროს წილმა 17.06% შეადგინა.