ეროვნული ბანკი – 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, 2023 წლის იანვარში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 650 მილიონი ლარით შემცირდა

22:37, 27.02.2023

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის იანვრის ბოლოსათვის 43.64 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 648.73 მლნ ლარით, ანუ 1.46%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 462.59 მლნ ლარით, ანუ 2.84%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.11 მლრდ ლარით, ანუ 3.97%-ით შემცირდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის იანვრის ბოლოსათვის 45.11 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.21 პროცენტული პუნქტით.

სებ-ის ინფორმაციით, იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.06% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.51%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 1.07%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 81.22%, ხოლო ევროს წილმა 17.06% შეადგინა.

მსგავსი