ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის ამსახველი მასალა გამოიფინება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის ამსახველი მასალა გამოიფინება

საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, 2019 წლის 12 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მხოლოდ ერთი დღით გამოიფინება ეროვნულ არქივში ამ ისტორიული ფაქტის ამსახველი საარქივო დოკუმენტების დედნები.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, საგამოფენო პავილიონში გამოიფინება: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული 1918 წლის 26 მაისს და დამტკიცებული 1919 წლის 12 მარტს, დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე; 1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის ოქმი და სტენოგრაფიული ანგარიში; სხდომის ფოტოები.

დამფუძნებელი კრება იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც 1919 წლის 14-17 თებერვალს საყოველთაო, ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით აირჩია საქართველოს მოსახლეობამ.

დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა 1919 წლის 12 მარტს ჩატარდა.

დამფუძნებელი კრების წევრთა შორის ხუთი ქალი იყო.