ეროვნულ ბიბლიოთეკაში კამპანიის -„ეს ქვეყანა შენია!“ პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში კამპანიის -„ეს ქვეყანა შენია!“ პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს კამპანიის -„ეს ქვეყანა შენია!“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე, მისასალმებელი სიტყვით საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კატალინ გერმანი გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით საქართველოს ახლო მოკავშირეა.

ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა საზოგადოების დამოკიდებულება და სტერეოტიპები, რომელიც გავრცელებულია მოსახლეობაში, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო ღირებულებების მიმართ. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, აუცილებელია მოსახლეობის გააქტიურება, რადგან ბევრი მოქალაქე არის პასიური, რაც ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესზეც აისახება. კვლევების საფუძველზე შემუშავდა საკომუნიკაციო სტრატეგია. შეირჩა სოციალურად აქტიური ჯგუფები: სტუდენტები, ახალგაზრდობა, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მედია. განისაზღვრა, რომელი არხების ინსტრუმენტების გამოყენებით ქცევის რა ცვლილება შეიძლება იყოს მიღწეული თითოეულ სამიზნე ჯგუფში.

ამასთან, პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ იგეგმება ონლაინ სასწავლო კურსები ახალგაზრდებისთვის, ტელეგადაცემების 11 რეგიონულ ტელევიზიაში, კამპანიები სოციალურ მედიაში.

ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.