ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ უწყება არ არის უფლებამოსილი, „თიბისი ბანკის“ საზედამხედველო ღონისძიებების დეტალებზე ისაუბროს
საქართველოს ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განხორციელებული საზედამხედველო ღონისძიებების დეტალებს არ აკონკრეტებს.
როგორც პირველ არხს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, საქართველოს ეროვნული ბანკი, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მუდმივ ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებს, მათ შორის „თიბისი ბანკს“.
„კანონმდებლობის თანახმად, ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები, როგორც ამ კონკრეტულ, ასევე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის საჯარო. შესაბამისად, უფლებამოსილი არ ვართ დეტალებზე ვისაუბროთ“, – აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „თიბისი ბანკი“ ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივსა და ლიმიტს.
„მიმდინარე საგამოძიებო პროცესი, ასევე, ბანკთან დაკავშირებული პირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, გავლენას არ მოახდენს თავად ბანკის ფუნქციონირებაზე“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები. აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა ეროვნულ ბანკსა და პროკურატურას. ეროვნულმა ბანკმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა საკითხი და აღმოჩენილ დარღვევებზე მოახდინა შესაბამისი რეაგირება. ხოლო პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ამასთან, „თიბისი ბანკმა“ დღეს დაადასტურა, რომ ეროვნულმა ბანკმა 1 მილიონი ლარით დააჯარიმა.