ეროვნულ არქივში დაცული ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture-ზე განთავსდა
ეროვნულ არქივში დაცული ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture-ზე განთავსდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული იუნესკო-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული უძველესი ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture-ზე განთავსდა.

იუნესკო-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამისა და Google Arts & Culture-ის თანამშრომლობის შედეგად იუნესკო-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესულ დოკუმენტებს Google Arts & Culture-ის პორტალზე ცალკე სექცია დაეთმო. მათ შორის სრულად არის წარმოდგენილი ეროვნულ არქივში დაცული ყველა ის ხელნაწერი, რომელიც ამ დრომდე იუნესკო-ს მიერ მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნაწილად არის აღიარებული.

აქვე შეხვდებით ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსის, ქეთევან ასათიანის ონლაინლექციის ჩანაწერს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული ქართული ხელნაწერების შესახებ. აღსანიშნავია, რომ იუნესკო-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრის კომიტეტმა 2013-2017 წლებში ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ზედიზედ სამჯერ შეიტანა. ეს დოკუმენტებია: ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (1745 წელი), IX-XV საუკუნეების 8 უძველესი ქართული ხელნაწერი და სახარება-პალიმფსესტი (IX-X, XII-XIII, XIV სს).

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://artsandculture.google.com/project/memory-of-the-world/religion