ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 109-ე შეხვედრა იმართება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 109-ე შეხვედრა იმართება. მონაწილეები გამყოფ ხაზთან წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებსა და უკანონო დაკავების შემთხვევებს.
როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას.
მისივე თქმით, უსაფრთხოების გარდა, მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებსაც განიხილავენ.
„მთავარი განსახილველი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე იქნება უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი და უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. შეხვედრებს შორის დაფიქსირდა ცხრა ფაქტი უკანონო ბორდერიზაციის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ექვსი პირი იყო დაკავებული ბოლო შეხვედრისას დღემდე და ექვსივე გათავისუფლებულია. დაკავებულებიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო. მოხდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის დაფიქსირება ძალიან აქტიური ფორმით, წარმოებდა ინტენსიური კონსულტაციები, რის შედეგადაც გახდა შესაძლებელი ისინი მოკლე ვადაში დაბრუნებოდნენ საკუთარ ოჯახებს. ამ დროისთვის, უკანონო პატიმრობაში ჩვენი ოთხი მოქალაქე რჩება“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.