ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა გაიმართება.

ქართული მხარის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის ოთხი მთავარი და უცვლელი საკითხია; ესაა ბოლო თვეების განმავლობაში გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენები და მავთულხლართების მონტაჟის საკითხი, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო დაკავებები, მცოცავი ოკუპაციის და უკანონო საზღვრების გავლების პროცესი. ასევე შეხვედრის უცვლელი თემაა, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის და მის წამებაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხი.

ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება, რასაც მათი თქმით, ასევე შეეხება საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე.

„აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ერგნეთის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმი აპირებს, წამოწიოს საკითხი დასახლებულ პუნქტ წნელისთან და გვირგვინასთან „ ქართველი სამართალდამცველების მხრიდან საზღვართან პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ“ .

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრა 18 ივლისს გაიმართა.