ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის საქმეა.
ქართული მხარის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება ტატუნაშვილის ცხედრის ორგანოების გადმოცემის საკითხი, რომელზეც დღეს ქართული მხარე ისევ ისაუბრებს. შეხვედრაზე ქართული მხარე ასევე სამხარაულის სასამართლო-ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრებს.
„არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადება არ გახდება შეხვედრის ჩაშლის მიზეზი. ჩვენ ვართ განწყობილი კონსტრუქციული თანშრომლობისათვის და მზად ვართ, განვიხილოთ ყველა საკითხი. ვისაუბრებთ ტატუნაშვილის საქმეზე არსებულ ყველა დეტალზე. მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ერთ საექსპერტო დასკვნაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილოს წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს“, – განაცხადა შეხვედრამდე სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე 12 საკითხზე იმსჯელებენ. ერთ-ერთი საკითხი ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმე იქნება. საუბარი შეეხება ასევე თრუსოს ხეობაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს.
ინტერპოლმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ძებნა გამოაცხადა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მხარის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით.