ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება.
შეხვედრაზე განიხილავენ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს და ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს.
ბოლო შეხვედრიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა უკანონო სამუშაოები საოკუპაციო ხაზთან – ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლებსა და გრემის ხევთან განახორციელეს.
ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს რვა მოქალაქე რჩება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ყურადღება გამახვილდება დაკავებულთა მიმართ ჰუმანიტარულ მიდგომაზე და საკუთარ სახლებში მათ დაბრუნებაზე.
„ასევე, აქცენტი გაკეთდება შეხვედრებს შორის ინციდენტებზე, უკანონო ბორდერიზაციის რვა ფაქტი დაფიქსირდა. ამ პროცესმა მოიცვა გორი და გორის მუნიციპალიტეტები, დუშეთის მუნიციპალიტეტში გრემის ხევის მიმდებარე ტერიტორია; ხდება ადრე აღმართული ინსტალაციების განახლება, ასევე ახალი უკანონო ინსტალაციების მონტაჟი. ახალი ინსტალაციები დამონტაჟდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლების – კოდის და ოკუპირებული წნელისის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მისი თქმით, საუბარი შეეხება, ასევე, რამაზ ბეღელურს, რომლის ჯანმრთელობის სტატუსი მოწმდება და, ბოლო ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია.
„რაც შეეხება მისთვის უკანონო სასჯელის შეფარდებას, ამაზე განმარტებების მოსმენას შეხვედრის მონაწილეებისგან ვაპირებთ“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.