ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მხარეები 10 საკითხს განიხილავენ. განსახილველ საკითხს შორის არის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე, ასევე ოკუპირებულ ახალგორში დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმე, საუბარი იქნება მაისიდან დღემდე საოკუპაციო ზოლში საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე.
ამასთან, შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა დაადასტურა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ორი მოქალაქის დაკავების შესახებ. სარმად გაბარაევი და ანდრეი კაბისოვი სოფელ ერგნეთში დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი დაჭრილია და მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.
„ჩვენი მხრიდან ველოდებით საკმაოდ კონსტრუქციულ და შედეგზე ორიენტირებულ შეხვედრას. მთავარი საკითხი იქნება არჩილ ტატუნაშვილის თემა, უკანონო ბორდერიზაციის და ყველა ის თემა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.
რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ორი მოქალაქის დაკავებას, რამდენად ისინი დამნაშავეები არიან და კრიმინალები, ამას დაადგენს გამოძიება. დღეის მდგომარეობით გიდასტურებთ, რომ ისინი იმყოფებიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ერთ-ერთ მათგანი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ჩაუტარდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ.
ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო სააგენტოების გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კაბისოვი და გაბარაევი ბრალდებული არიან მძიმე დანაშაულში და ოკუპირებული ცხინვალი მათ გადაცემას ითხოვს.
შეხვედრის დაწყების წინ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ყველა პროცედურა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართება.
„განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე და რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს. ასევე ვისაუბრებთ უკანონო ბორდერიზაციის შეხვედრებსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.