ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა დასრულდა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა დასრულდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, კვლავ ღიად რჩება არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განუცხადა, რომ მისთვის ორგანოების გადაცემის მოთხოვნა გაუგებარია.
„ჩემთვის გაუგებარია ქართული მხარის მოთხოვნა ორგანოების გადაცემასთან დაკავშირებით. თქვენ თუ გაეცანით სამხარაულის ბიუროს დასკვნას, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა, იქ ნათქვამია, რომ ორგანოების ნაწილი გადაცემულია. რაც შეეხება თქვენს კითხვას გამოძიებასთან დაკავშირებით არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, ჩვენთან ასეთი გამოძიება არ მიმდინარეობს და ვერ წარიმართება, რადგან არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა და ის მოკლული არ არის. დასკვნაში ვერსად ამოვიკითხე იმ დაზიანებებზე, რაზეც აპელირებთ“, – განუცხადა კოჩიევმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ისინი ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან დაკავშირებით, ალტერნატიული სიის შედგენაზე მუშაობენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია.
„ჩემთვის გაუგებარია კოჩიევის ეს განცხადება. კატეგორიულად მოვითხოვთ, ექსპერტიზის სრულად ჩატარებისა და სრული სურათისთვის აუცილებელია ორგანოების გადმოცემა. ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში ასახულია ის დაზიანებები, რომელიც მაღალი ალბათობით, წამების ფაქტზე მიუთითებს“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ამასთან, მისი თქმით, საუბარი შეეხო ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას, რომელიც ანთაძის განცხადებით, პოლიტიკური ინსინუაციის თემა არ უნდა გახდეს.