ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება. შეხვედრის დაწყების წინ კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გააკეთა.

კახა ქემოკლიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი სამ ძირითად საკითხზე იქნება. კერძოდ, ქართული მხარე კვლავ მოითხოვს ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმის გადახედვას, საუბარი იქნება ასევე საოკუპაციო ხაზთან სადემარკაციო სამუშაოების პროცესზე და პრობლემებზე, რომელიც საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას გადაადგილების დროს ექმნება.

19 დეკემბერს ერგნეთში გამართული შეხვედრიდან დღემდე, ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს რვა მოქალაქე დააკავა. ყველა მათგანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. რაც შეეხება დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ნაგავსაყრელის ცხინვალიდან ოკუპირებულ ერედვის ტერიტორიაზე გადატანაზე, კახა ქემოკლიძის განცხადებით, ეს საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე არ იქნება განხილული.