ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხს.
„ტატუნაშვილის საკითხი ბოლო შეხვედრების მთავარი თემა იყო და ასე იქნება მომდევნო შეხვედრაზეც ერგნეთში, რადგან ამ საქმეს აქვს უმძიმესი კვალიფიკაცია. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ცხედრის შინაგანი ორგანოების გადმოცემას, რომელიც მნიშვნელოვანია ექსპერტიზის საბოლოო პასუხისთვის. ასევე ჩვენი მხრიდან დავაყენებთ საკითხს იმ უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით, რომელიც გრძელდება ე.წ. საზღვრის პირას. ასევე ადამიანებს, რომლებსაც სურთ ცხინვალის მხრიდან გადმოვიდნენ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, მათ არ ეძლევათ ამის საშუალება და სწორედ ეს საკითხიც იქნება სხდომაზე დაყენებული, რადგან ეს არის ადამიანის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა. კვლავ განსახილველი საკითხია საოკუპაციო ხაზის უკანონო ფორთიფიკაცია და ის მავთულხლართები, რომელიც მიუღებელია და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ეს პროცესი შერბილდეს და საბოლოოდ დაიშალოს”, – განაცხადა ციხელაშვილმა.