ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი შეხვედრა მაისში გაიმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მაისის შუა რიცხვებში გაიმართება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი იქნება.
„ერგნეთის შეხვედრაზე ერთ-ერთი უმთავრესი თემა ბუნებრივია, იქნება ის უდიდესი ტრაგედია, რომელიც უკავშირდება არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას და უმძიმეს 26 დღეს, როდესაც არა მხოლოდ ოჯახი, არამედ მთელი საზოგადოება ელოდა მისი ცხედრის გადმოსვენებას“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიება და დამნაშავეთა გამოკვეთა.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებზე დაფუძნებით წარიმართოს იმგვარად, რომ გამოიკვეთოს პირთა ჯგუფი, რომელსაც ამ უმძიმეს დანაშაულში მიუძღვის ბრალი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.