ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.

წინა შეხვედრიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა უკანონო სამუშაოები განახორციელეს საოკუპაციო ხაზთან, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლებთან და გრემის ხევთან. ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს რვა მოქალაქე რჩება.

როგორც აღინიშნა, უცვლელია დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა მოთხოვნა, რომელიც ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნას ეხება.

„მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონოდ დაკავებული ჩვენი თანამოქალაქეების ბედზე. ასევე, უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე. ვისაუბრეთ თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობაზე, თუმცა ამ ეტაპზე არ არის მიღწეული კონსენსუსი, რომ გაგრძელდეს ათდღიანი პერიოდი, თუნდაც ერთი თვე. რამდენიმე დაკავებული ელოდება ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენების აუცილებლობა. ხაზი გავუსვით თამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაზეც ცხინვალელმა მონაწილეებმა განაცხადეს, რომ იგი იმყოფება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და იღებს საჭირო პრეპარატებს. სამწუხაროდ, ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე მათი პოზიცია არის უცვლელი, შესაბამისად, მოლაპარაკების ყველა არსებულ ფორმატში ცენტრალური ხელისუფლება გააგრძელებს ამ საკითხის მკაცრად დაყენებას, რათა აღმოიფხვრას ეს მავნე პრაქტიკა და ოდნავ მაინც მიეცეს შვება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.