ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
დღევანდელ შეხვედრაზე 11 განსახილველ საკითხს შორის არის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე, ასევე ოკუპირებულ ახალგორში დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმე.
საუბარი იქნება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთიძემ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 11 მოქალაქე იყო უკანონოდ დაკავებული და ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალის დაკავების იზოლატორში ორი მოქალაქე რჩება.
„განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტს რასაც წინა შეხვედრიდან დღემდე ადგილი ჰქონდა ოკუპირებულ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. ცხადია, მთავარი ყურადღება გამახვილდება არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი წამებისა და მკვლელობის ფაქტზე. ვისაუბრებთ დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე. ყურადღებას დავუთმობთ უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს. ტექნიკური შეხვედრა ჩვენს მიერ იქნა მოთხოვნილი 15 მარტს და მზად ვიყავით კვირის დასაწყისშიც, თუმცა ეს შეხვედრა არ გაიმართა. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დაფიქსირდა წინა შეხვედრიდან დღემდე, ამ საკითხებს ჩვენ განვიხილავთ შეხვედრაზე .”- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.